logo
ENG



"ვგმობთ სახელმწიფოს მხრიდან დაშვებულ ტერორს მედიაზე" - ლელო 20:00 საათზე აქციას უერთდება

06 ივლ 202115:18
3 წუთის საკითხავი
 
"ვგმობთ სახელმწიფოს მხრიდან დაშვებულ ტერორს მედიაზე" - ლელო 20:00 საათზე აქციას უერთდება

ლელო საქართველოსთვის პარლამენტთან 20:00 საათზე დაგეგმილ მდუმარე აქციას უერთდება. ამაზე პარტია facebook -ის გვერდზე წერს და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას გმობს.

"არა ძალადობას! ვგმობთ სახელმწიფოს მხრიდან დაშვებულ ტერორს მედიაზე. ლელო უერთდება საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ მდუმარე აქციას დღეს, 20:00 საათზე", - ნათქვამია ლელოს განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქცია დაანონსდა.

აქციას უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიები. 

აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც გუშინ, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

გარდა ამისა, მოძალადეებმა ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონელი ტურისტი დაჭრეს, რომელსაც საყურე ეკეთა. 49 წლის კაცს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ძალადობრივი ჯგუფები ადამიანებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით დასდევდნენ და როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, მოძალადეები მხოლოდ იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ თბილისი პრაიდის ჩანთა ჰქონდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ძალადობის 55 ფაქტი გამოავლინეს და 8 ადამიანი დააკავეს, თუმცა ადმინისტრაციული წესით.

უწყებამ დღეს კიდევ 3 პირი დააკავა. მათ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ედებათ ბრალად.

1-ლი ივლისიდან საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია 5 ივლისს დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის 5 ივლისს აღარ გაიმართებოდა. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.


close დახურვა